Friday, June 11, 2010

კონკურსი მცირე გრანტებზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
2010 წლის კონკურსი მცირე გრანტებზე: მოქალაქეთა გაძლიერება მათი ინტერესების დაცვითა და მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგით

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, "თანამონაწილეობა და სამოქალაქო მონიტორინგი ცვლილებებისათვის" პროგრამის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში სამოქალაქო მონიტორინგის ინიციატივების მხარდასაჭერად.

კონკურსის პრიორიტეტია დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) ზუგდიდში, გორში, რუსთავში, გურიაში, კახეთში, იმერეთში და აჭარის ა/რ ავტონომიურ რესპუბლიკაში გაძლიერდნენ ინსტიტუციონალურად, განივითარონ მათი თემების პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარ-ჩვევები ამ პროცესში თემის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართვით. აღნიშნულ რეგიონებში ფონდის მხარდაჭერით სსო-ებისთვის ჩატარდა ტრენინგები სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მეთოდებში.

კონკურსი აქცენტს აკეთებს ახლად დაფუძნებულ, ინსტიტუციურად სუსტ რეგიონალურ სსო-ებზე.

პრობლემის განსაზღვრა:

ბოლო წლებში რეგიონებში აშკარად დაიკლო სსო-ების თანამონაწილეობამ ადგილობრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებასა და მომსახურების მიწოდებაში. რეგიონებში ახლად დაფუძნებულ სსო-ებს აკლიათ ინსტიტუციონალური განვითარება და თავიანთი თემების სახელით ადვოკატირების პრაქტიკული გამოცდილება. ხშირად ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოსახდენად ისინი მიმართავენ ერთჯერად აქციებს, რომლებსაც ხანმოკლე შედეგი აქვთ. იმისათვის, რომ მათი გავლენა გაიზარდოს, სსო-ებმა უნდა შეიძინონ საკმარისი ორგანიზაციული პოტენციალი და გამოიყენონ ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდები თავიანთ საქმიანობაში. ამ თვალსაზრისით, ახლადდაფუძნებული სსო-ების დაკავშირება უფრო გამოცდილ სსო-ბთან ხელს შეუწყობს ადვოკატირებისა და მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და საშუალებას მისცემს საერთო მიზნებზე მომუშავე სსო-ებს შექმნან კოალიციები ერთმანეთის საქმიანობის მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია გააუმჯობესოს ინსტიტუციური შესაძლებლობები ზუგდიდში, გორში, რუსთავში, გურიაში, კახეთში, იმერეთში და აჭარის ა/რ ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ახლად დაფუძნებული ქვედა დონის სსო-ების, რომლებიც მუშაობენ ადგილებზე მუნიციპალური სამსახურების გაუმჯობესებასა და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების განვითარებაზე.

კონკურსის ამოცანები:

** გაძლიერდეს ახლადშექმნილი სსო-ები, ორგანიზაციული განვითარების, პროექტის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით;
** მხარი დაეჭიროს ინოვაციურ და ამავდროულად რეალისტურ განაცხადებს, რომლებიც ხელს უწყობენ ახლადშექმნილი სსო-ების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განაცხადებმა უნდა მკაფიოდ განმარტონ, თუ როგორ ჩაერთვება სსო ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში, კონკრეტული თემის მონიტორინგით, ადვოკატირებით, დიალოგითა და სხვა სსო-ებთან თანამშრომლობით.

შერჩევის კრიტერიუმები:

გრანტები გაიცემა იმ პროექტებზე, რომლებიც წარმოადგენენ:

** პროექტის ფარგლებში განსაზღვრული პრობლემის ფაქტებზე დაფუძნებულ საწყის შეფასებას და ანალიზს
** მონიტორინგის, ადვოკატირების, დიალოგისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზების მეთოდიკის აღწერას
** სსო-ს მმართველობის/მართვის გაუმჯობესების და ორგანიზაციული ზრდის სრულყოფილ და შესრულებად სამოქმედო გეგმას, რომელიც სხვასთან ერთად მოიცავს ფონდების მოძიებას, ადამიანური რესურსების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარებას
** მონაწილეობით და ინკლუზიურ მიდგომას ადგილზე გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად, რაც გულისხმობს ადგილობრივი თემის ფართო მონაწილეობას და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას მასთან ეფექტური დიალოგით
** სამოქალაქო მონიტორინგის საკითხზე სსო-ს ზედამხედველობის გეგმას პროექტის შემდგომ პერიოდში, რათა უზრუნველყოფილი იქნას მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება გადაწყვეტილებების მიღების და პოლიტიკის ფორმირების დროს.
** უფრო გამოცდილ სსო-სთან, მედია საშუალებასთან და სხვა სათემო ჯგუფებთან პარტნიორობის ან კოორდინაციის სამოქმედო გეგმას.

პროექტების შეფასებისას ასევე გამოყენებული იქნება შემდეგი ზოგადი კრიტერიუმები:

** კონკურსის ამოცანებთან და პირობებთან შესაბამისობის ხარისხი
** ფონდის მისიასთან და მანდატთან შესაბამისობა
** პროექტის მნიშვნელობა და ზეგავლენის მასშტაბი
** პროექტის მეთოდოლოგიის მიზნების მიღწევაზე ფოკუსირება
** სტრატეგიის და მიდგომების ინოვაციურობა
** პროექტის ხარჯების ეფექტურობა და შესაბამისობა საქმიანობებთან
** პროექტის შედეგების შეფასების გეგმის ეფექტურობა
** პროექტის მდგრადობა და სიცოცხლისუნარიანობა.

შერჩევის პროცესი:

ობიექტური და მიუკერძოებელი შერჩევის უზრუნველსაყოფად პროექტები განიხილება დამოუკიდებელი ექსპერტთა კომისიის მიერ. საბოლოო გადაწყვეტილება გრანტით დაჯილდოებაზე მიიღება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ.

კონკურსში წარმოდგენილი პროექტების განხილვის პროცესში მონაწილეებს შეიძლება მოეთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია. განმცხადებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს მოთხოვნიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

პროექტის შედეგების შეფასება:

პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხარისხის დასადგენად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა შეიძლება ჩაატაროს საგრანტო პროექტების დამოუკიდებელი შეფასება.

საგრანტო თანხა:

კონკურსით გათვალისწინებულია ათამდე ყველაზე წარმატებული პროექტის დაფინანსება. თვითოეული პროექტის მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5,000 (ხუთი ათას) აშშ დოლარს. იგი გათვლილია პროექტზე ხანგრძლივობით 10 თვემდე.

საგრანტო თანხები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ შემდეგი ხარჯებისთვის:

** მონაცემებისა და ფაქტების შეგროვებასთან დაკავშირებული ხარჯები
** პროექტთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები (მაგ. ფართის დაქირავება, თარგმანი, ტექნიკის შეძენა და ა.შ.)
** კომუნიკაციები პარტნიორ ორგანიზაციებს შორის (ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა)
** პროპორციულად განაწილებული ხელფასები პროექტის ძირითად მონაწილეებისათვის (მაგ. დირექტორი, ბუღალტერი) და ზომიერი ჰონორარები პროექტის ექსპერტებისათვის. პროექტის მონაწილეთა ხელფასებსა და პროექტის საქმიანობისათვის დახარჯულ საათების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილ უნდა იყოს მკაფიო ახსნა განმარტება.
** პროექტის მონაწილეთა ტრანსპორტირება
** შეზღუდული ოდენობით ტექნიკისა (მაგ. ფაქსი, კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა) და საკანცელარიო ნივთების შეძენა
** პროექტთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა ხარჯები.

საგრანტო თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ პროექტის განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებული საქმიანობების დასაფინასებლად. საგრანტო თანხა არ შეიძლება გამოყენებული იყოს ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯების ან ვალების დასაფარად, სამშენებლო მიზნებისთვის ან უძრავი ქონების შესასყიდად.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არ აფინანსებს:

** ჰუმანიტარული სახის პროექტებს
** პოლიტიკურ საქმიანობას ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას
** პოლიტიკური მიზნების ლობირებას (ფონდმა შეიძლება მხარი დაუჭიროს მხოლოდ საზოგადოებრივი და სოციალური სარგებლის მომტან საკითხების ლობირებას)
** განმცხადებლის სასამართლო საქმეების განხილვას ან სასამართლო დავებს
** რელიგიურ საქმიანობას (ფონდი შეიძლება დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციას ისეთ არარელიგიურ საქმიანობაში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ფონდის მისიას)
** პროექტებს მშენებლობის დარგში, რომლებიც განკუთვნილია კომერციული მიზნებისათვის
** ნებისმიერი სახის სამხედრო საქმიანობას
** მცირე კრედიტებს და სესხებს, საწყის კაპიტალს მეწარმეებისათვის
** თეორიულ კვლევებს
** ინდივიდუალურ სამოგზაურო ან სასწავლო გრანტებს
** სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას.

ვის შეუძლია მიიღოს კონკურში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ახლად შექმნილ რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ მიიღონ ახლადშექმნილმა სსო-ების კოალიციებმა და რეგისტრირებულმა სათემო ჯგუფებმა. მედია-საშუალებებს მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სსო-ებთან პარტნიორობის საფუძველზე.

სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წევრებს, მოქმედი პარლამენტის წევრებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში როგორც პროექტის დირექტორს ან პროექტის ანაზღაურებად მონაწილეს.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** პროექტის ხუთი (5) ასლი რუსულ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების თანახმად. თუ პროექტი მოწონებული იქნა დაფინასებისათვის, განმცხადებელს შეიძლება ეთხოვოს მისი თარგმნა ინგლისურ ენაზე
** დეტალური და პუნქტობრივად გაწერილი ბიუჯეტი, ევრაზიის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების შესაბამისად.

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა წარმოადგენდეს ორიგინალს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარი. ნებისმიერ პლაგიატობას შედეგად მოჰყვება ორგანიზაციისა და პროექტის დაუყონებლივი დისკვალიფიკაცია კონკურსიდან.

კონკურსზე წარმოდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი რჩება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განკარგულებაში. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ფონდი გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ განხილვის მიზნით და არ მიაწვდის ამ ინფორმაციას გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, იმათ გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან მოთხოვნილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დამფინანსებლების მიერ.

განაცხადის ფორმები, პროექტის შედგენის გზამკვლევი და სხვა ინსტრუქციები შეგიძლიათ მიიღოთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში 10:00-დან 18:00 საათამდე, ან ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან: http://www.epfound.ge. იქვე შეგიძლიათ იხილოთ სასარგებლო ინფორმაცია (ბმულები და დოკუმენტები), რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის შედგენაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კავსაძის ქ. 3
ტელ/ფაქსი: (995 32) 253942, 253943, 252782
საკონტაქტო პირი: ზაალ ანჯაფარიძე, პროგრამის მენეჯერი

კონკურსის განრიგი:

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18:00 საათი, 9 ივლისი, 2010 წ.
კონკურსის შედეგების გამოცხადება: 23 ივლისი, 2010 წ.