Tuesday, June 1, 2010

საგრანტო კონკურსი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, "სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნის" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს ინსტიტუციონალური განვითარებისთვის. კონკურსის მიზანია საქართველოში ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური მდგრადობის და განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ზრუნვაზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

კონკურსის პირობები:

** საგრანტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმატით (იხ.: http://civilin.org/guidelines.doc), სამ ეგზემპლარად;
** რეგიონულ ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება საგრანტო განაცხადი წარმოადგინონ ელექტრონული სახით. ელექტრონულად გამოგზავნილი პროექტები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დოკუმენტაციის მიღების დადასტურების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიები არ მიიღება.
** მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ევროს. პროექტის საერთო ბიუჯეტი შესაძლოა აღემატებოდეს ამ თანხას, თუ არსებობს დაფინანსება სხვა წყაროებიდან. ამ შემთხვევაში განაცხადს უნდა ერთვოდეს დამატებითი ფინანსური წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული კომპონენტებისა, იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** უნდა მიეთითოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები (CV), პროექტის განხორციელებისას მათი პასუხისმგებლობებისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მითითებით;
** თუ პროექტით გათვალისწინებულია ექპერტების მოწვევა, საჭიროა მიეთითოს მათი ვინაობა, პროფესიული გამოცდილება, რა საკითხებზე იმუშავებენ, რა დროით და ა.შ. ასევე პროექტს უნდა ახლდეს მათგან თანხმობის წერილი;

არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად და არ განიხილება.

წარმოდგენილი განაცხადი (პროექტი) განმცხადებელს არ დაუბრუნდება. პროექტის შედეგები გამოქვეყნდება პროექტის ვებ გვერდზე: http://www.civilin.org/welfare

კონკურსში მონაწილეთა საპროექტო განაცხადები მიიღება 2010 წლის 14 ივნისის 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, 26 მაისის მოედანი 2, მე-5 სართული, ან ელფოსტით (რეგიონალური ორგანიზაციებისათვის): ia@civilin.org

საკონტაქტო პირი: ია გაბუნია
ტელ: 94 16 05, 33 04 17
ელფოსტა: ia@civilin.org