დასახელება: ტრენინგი რეგიონული NGO-ებისთვის მოხალისეობაში |
მომწოდებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი - ორგანიზაციის გვერდი |
გამოქვეყნდა: 2 ივნ / ბოლო ვადა: 22 ივნ |
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგზე: "მოხალისეობის განვითარება და მენეჯმენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში." ტრენინგის მიზანია დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თავიანთ სტრუქტურებში მოხალისეობის დანერგვასა და მოხალისეთა სწორი მენეჯმენტის წარმართვაში. ტრენინგი ტარდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის: "მონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის" ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ტრენინგის თემატიკაში შედის შემდეგი საკითხები: ** ორგანიზაციაში მოხალისეების მიღების მეთოდები, მოხალისეებისათვის პოზიციების შერჩევა და მათზე ზედამხედველობა ** მოხალისეთა მოტივაციის გზები, მათი ორიენტაცია და ტრენინგი ** მოხალისეებისათვის ფუნქციების დელეგირება და მათი მუშაობის შეფასება ** მოხალისეობასთან დაკავშირებული რისკების მენეჯმენტი ** მოხალისეობის მარეგულირებელი გარემო და სხვა. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი სასემინარო მასალებით. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი. კონკურსის საფუძველზე ტრენინგისთვის შეირჩევა 10 მონაწილე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (ტრენინგში მონაწილეობის დასაბუთება, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა და გეგმები მოხალისეებთან მიმართებაში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mkhalatyan@epfound.ge განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 22 ივნისი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მარიანა ხალათიანს ნომერზე: 253942, 253943 (144). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. |
სიახლეები მესტიის სათემო რესურს-ცენტრიდან
Monday, June 13, 2011
ტრენინგი რეგიონული NGO-ებისთვის
საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის
2011-05-18 10:48:17
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის "თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება". საკონკურსო პროექტები მიიღება ა.წ 21 ივნისამდე.
ზოგადი ინფორმაცია
2009 წლის 28 დეკემბერს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს დაემატა სპეციალური თავი "მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში" (X.1). რომელმაც მეტ-ნაკლებად განსაზღვრა მოქალაქეთა უფლებები მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და გააკონტროლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა.
სამწუხაროდ, სხავადასხვა მიზეზით, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩართულობის არსებული მექანიზმები პრაქტიკაში ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ გამოიყენება (მაგ. დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება, ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა). ძალიან დაბალია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების შესახებ თავად ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა და მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ორგანული კანონით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მონაწილეობის მექანიზმების და პროცედურების რეალურად ამოქმედება და დანერგვა, ადგილობრივ დონეზე შესაბამისი პრაქტიკისა და ცოდნის გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საზოგადოებრივ-წარმომადგენლობითი ჯგუფების გააქტიურება.
კონკურსის მიზანი:
თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის კანონით დადგენილი მექანიზმების ამოქმედება და მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული პრეცედენტების შექმნა.
ფონდი დააფინანსებს რამოდენიმე ისეთ პროექტს:
რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაზე, რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის/პრობლემების მოგვარების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩართულობის ისეთი მექანიზმების გამოყენებაზე, როგორიცაა: საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება და/ან ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა; საზოგადოებრივი კომიტეტების შექმნა თუ საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზება; კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობის სხვა ქმედითი ფორმების დანერგვა.
სასურველია, პროექტი მოიცავდეს ისეთ კომპონენტებსაც, რომლებიც გარკვეულწილად გააუმჯობესებენ მონაწილეობის ფორმების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, გააქტიურებენ და საკითხის გადაწყვეტაში ჩართავენ საზოგადოებრივ-წარმომადგენლობით ჯგუფებს, აამაღლებენ მათ მოტივაციას მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება
კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია/საინიციატივო ჯგუფი:
კონკურსში გამარჯვებული თითოეული ორგანიზაცია თუ საინიციატივო ჯგუფი გაივლის 1 დღიან სემინარს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული პროექტის ეფექტიანობის ამაღლებაზე. სემინარი მოიცავს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კონსულტაციებს და რეკომენდაციებს, ასევე მოკლე ტრენინგს „მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება".
განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის პირობები და ვადები
Ø განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს სამ ეგზემპლიარად.
Ø პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53
Ø გარდა გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პროექტს უნდა დაერთოს მოკლე ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტის და იმ საკრებულოს შესახებ, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება;
Ø განსახილველი საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინოთ "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" 21 ივნისის 16:00 საათამდე. 21 ივნისის 16:00 საათის შემდეგ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განხილვას არ დაექვემდებარება.
დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალური საგრანტო თანხა: 18 000 აშშ დოლარი
დასაფინანსებელი პროექტების სავარაუდო რაოდენობა: კონკურსის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 6 საუკეთესო პროექტი
პროექტის დაწყების სავარაუდო/რეკომენდირებული თარიღია 2011 წლის 1 სექტემბერი და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება: 27 მაისს, ასევე 2, 9 და 16 ივნისს, 15:00 საათზე ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) # 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს 25 04 63, შიდა 230
საკონტაქტო პირი:
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის (ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულების) კოორდინატორი თინიკო ბოლქვაძე.
ელ. ფოსტა tiniko@osgf.ge
Sunday, May 1, 2011
გამოფენა
2011 წლის 28 მაისს, საქართველოს მშვიდობის კორპუსის ახალგაზრდობის საქმეებისა და მოხალისეობის კომიტეტი უმასპინძლებს პირველ ყოველწლიურ გამოფენას სახელწოდებით „აღმოაჩინე შენში მოხალისე“. გამოფენა გაიმართება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ თავისუფლების მოედანზე.
მშვიდობის კორპუსი ეძებს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც თბილისში ისე რეგიონებში, რათა გააგზავნონ წარმომადგენლები და მოახდინონ მოხალისეების რეკრუტირება მიმდინარე ან მომავალი პროექტებისთვის.
გამოფენაზე ქართველი მაღალი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები ივლიან სტენდებს შორის და დაუსვამენ კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოხალისეობის შესაძლებლობების შესახებ მათ ორგანიზაციებში. თითოეულ მონაწილე ორგანიზაციას გამოეყოფა მაგიდა, რათა წარმოადგინონ თავიანთი ორგანიზაცია და მოახდინონ პოტენციური მოხალისეების რეკრუტირება.
ღონისძიების მიზანია პოპულარიზაცია გაუკეთოს მოხალისეობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში და შეახსენოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოხალისეების აყვანის მნიშვნელობა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომელთაც სურთ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, უნდა გააგზავნონ წარმომადგენელი სავალდებულო ტრეინინგ სესიაზე, რომელიც ჩატარდება 18 მაისს, საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29ა. ტრეინინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები: როგორ უნდა განვავითაროთ ან შევარჩიოთ ის პროექტები, რომლებიც უკეთ წარიმართება მოხალისის ჩართულობის შემთხვევაში; მოხალისეების ეფექტურად გამოყენების გზები;თქვენი ორგანიზაციისა თუ პროექტისთვის მოხალისეების სწორად შერჩევის მეთოდები; როგორ შევქმნათ ან გავხადოთ პროექტები მოხალისეთავსებადი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ორგანიზაციებს ექნებათ ერთი კვირა პროექტის განაცხადის შესატანად, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს ტრენინგის წამყვანი გუნდი. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში ორგანიზაცია მოწვეული იქნება მოხალისეობისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, 2011 წლის 13 მაისამდე პირებმა უნდა გააგზავნონ ორგანიზაციის დასახელება, საქმიანობის მოკლე აღწერა და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: ikutsia@peacecorps.gov ან დაუკავშირდნენ ტელეფონზე: 899 929 097. საკონტაქტო პირი: ირაკლი კუცია.
Friday, April 8, 2011
საზოგადოებრივი შეხვედრა ბეთქილში
2011 წლის 31 მარტს მესტიის ახალგაზრდულ ცენტრ “ბეთქილში” გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო, ზემო სვანეთის ადგილობრივი კულტურის შესაძლებლობების წახალისება და ამ მიზნით დისკუსიის გამართვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მესტიის გამგებელი შმაგი ნაკანი, საკრებულოს თავჯდომარე გოჩა გვარლიანი, მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი ანა გირგვლიანი, CTC-ის პროექტის მენეჯერი პავლე თვალიაშვილი, გერმანული დონორი ორგანიზაცია EED-ის წარმომადგენლები; ადგილობრივი კულტურისა და სხვა სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
არაფორმალურ გარემოში სვანური სიმღერებისა და ცეკვების ფონზე გაიმართა დისკუსია, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი კულტურა წარდენილ იქნას ქართველი და უცხოური ტურისტების წინაშე. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ზემო სვანეთის კულტურული შესაძლებლობები მრავალფეროვანია და საჭიროა ინიციატივების გამოჩენა ადგილობრივი დონიდან.
მრავალფეროვნების მაგალითი იყო ბეთქილის მეორე სართულზე წარმოდგენილი ხის, თექის, თიხის ნაკეთობანი, ნაქარგები, ნახატები და სხვა.
გამოითქვა სურვილი, რომ სხვადასხვა ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები შეხვდნენ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს და განხილულ იქნას შესაძლო პროგრამა.
ღონისძიება ჩატარდა CTC-ის მესტიის სათემო რესურს ცენტრის მიერ EED-ის დაფინანსებით და შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობა, “მეოხი 2010”, კულტურის განყოფილება, საეკლესიო საზოგადოება „ლაგუშედა“, სვანეთის ტურიზმის ცენტრი, კულტურის სახლთან არსებული ანსაბლები „რიჰო“ და „ბეთქილი“.
Wednesday, March 23, 2011
უფასო ტრენინგი ახალი საგადასახადო კოდექსის თემაზე
ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს უფასო ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ახალი საგადასახადო კოდექსის თემაზე. განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2011 წლის 25 მარტი, 18:00 საათი.
ტრენინგის აქტუალობა: 2011 წელს საქართველოში ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში მრავალი სიახლე შეიტანა. ახალი საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო ძალიან ფართოა, ამიტომ, დაგეგმილი ტრენინგი მოიცავს მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტრენინგის მიზანია თბილისისა და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების ცოდნის ამაღლება საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსში.
პროგრამა განხორციელდება საგადასახადო საკითხებში სპეციალიზირებულ ქართულ ორგანიზაციებთან, აუდიტორულ კომპანიებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.
ტრეინინგის თემატიკა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საგადასახადო სპეციფიკის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების და სამართლებრივი ასპექტების გაცნობა, მოგების, საშემოსავლო, დღგ-ს და ქონების გადასახადებთან დაკავშირებული სპეციფიკა, საგადასახადო დეკლარირება და ანგარიშების წარგენა და სხვა.
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 2011 წლის აპრილი.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მენეჯერები, ბუღალტრები და ხელმძღვანელი პირები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე ფონდის მიერ შედგენილი და მონაწილეობის მსურველთა მიერ შევსებული აპლიკაციის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება რეგიონულ და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" პარტნიორ (გრანტის მიმღებ) ორგანიზაციებს.
მონაწილეობა ტრენინგის შესარჩევ კონკურსში: ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ მითითებულ მისამართზე: marina@osgf.ge; გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ: OSGF Training Program.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავად მოუწევთ თბილისამდე მგზავრობის და თბილისში დაბინავების ხარჯების ანაზღაურება.
განცხადების წარმოდგენის (ელ ფოსტით გამოგზავნის) ბოლო ვადაა: 2011 წლის 25 მარტი, 18:00 საათი
შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების თარიღის შესახებ. ტრენინგები ჩატარდება თბილისში, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" რესურს ცენტრში (ჭოველიძის 10)
შეკითვებისთვის მოგვმართეთ:
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
ჭოველიძის 10, 0108 თბილისი
საკონტაქტო პირი: ირინა ლაშხი
ტელ: 250463 (შიდა ნომერი 211)
Wednesday, March 16, 2011
გილოცავთ!! დამტკიცებული პროექტები
- ჭუბერში ახალგაზრდების ნახატების გამოფენა-,,ამ მშვენიერ მინდორ-ველზე რანაირი ფერებია“
- ჭუბერის საბავშვო ბაღის კედლის მოხატვა- ,,ბილიკი მზისაკენ''
- გამოსაშვები საღამო მესტიის #1 სკოლაში
- გოგუცა ხერგიანის პოეზიის საღამო
- დაბინძურება საფრთხე მომავლისა - მჟავე წყლის მოწყობა მესტიის მე-2 სკოლის ეზოში
- ერთად ნათელი მომავლისკენ - ქალთა ხელსაქმის/ოქრომკერდის სწავლება და გამოფენა
- ,,თანადგომა“- ქალთა სამკერვალო ხელსაქმის სახელოსნო ლატალში
- კარგ მთქმელს კარი გამგონი უნდა! - მოწევის საწინააღმდეგო კამპანია
- მესტიაში დამწყები მეკლდეური ბავშვების დახმარება
- მესტიის პირველ სკოლაში სააქტო დარბაზის კეთილმოწყობა
- შეჯიბრი ფრენბურთში მესტიის #1 საჯარო სკოლის მაღალ კლასებს შორის
- მულახში ტიხრული მინანქრის სასწავლო სახელოსნოს დაარსება
პროექტი ”ლაგუშედა -იელის ეკლესიაში დენის შეყვანა” განხილვის პროცესშია.
მზადდება პროექტების საბოლოო ბიუჯეტები და სამუშოების გეგმები, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულებები.
პროექტები სავარაუდოდ დაიწყება აპრილის პირველი კვირიდან.
საჭირო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები, ჩამოტვირთეთ აქედან.
სამუშაო შეხვედრა მცირე პროექტების ჯგუფებისთისვის
მცირე პროექტების კონკურსში მონაწილე მოწონებული პროექტების სამუშაო ჯგუფებთან თბილისში CTC-ის ოფისში 2 დღიანი შეხვედრები გაიმართა.
პირველი ნაკადის მონაწილეებმა 7 და 8 მარტს მონაწილეობა მიიღეს პროექტების მართვის ძირითადი კომპონენტების შესახებ სემინარში და ფინანსური მართვის ტრენინგებში. მე-3 დღეს მონაწილეები ესტუმრნენ ნუკრიანის სათემო კავშირს, სადაც ორგანიზაიცის წარმომადგენლება სემიანრი ჩაუტარეს სათემო ორგანიზაციის განვითარების შესახებ, ნაჩვენები იყო ფილმი ნუკრიანის სახელოსნოებისა და სათემო კავშირის შესახებ. რასაც მოჰყვა დისკუსია და შეკითხვები მონაწილეების მხრიდან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს მონაწილეების შეკითხვებს და შემდეგ დაათვალიერებინეს ნუკრიანის სახელოსნოების ნამუშევრები.
სათემო კავშირში ვიზიტის შემდეგ სასწავლო ტურის მონაწილეებმა ქალაქი სიღნაღი დაათვალიერეს.
სამუშაო ჯგუფების მეორე ნაკადის სემინარები და ტრენინგი 10 და 11 მარტს ჩატარდა თბილისში. მონაწილეები სასწავლო ტურის ფარგლებში 12 მარტს ნუკრიანის სათემო ცენტრს ესტუმრნენ, რის შემდეგაც სიღნაღი და ბოდბის დედათა მონასტერი დაათვალიერეს.