საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის
2011-05-18 10:48:17
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის "თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება". საკონკურსო პროექტები მიიღება ა.წ 21 ივნისამდე.
ზოგადი ინფორმაცია
2009 წლის 28 დეკემბერს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს დაემატა სპეციალური თავი "მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში" (X.1). რომელმაც მეტ-ნაკლებად განსაზღვრა მოქალაქეთა უფლებები მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და გააკონტროლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა.
სამწუხაროდ, სხავადასხვა მიზეზით, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩართულობის არსებული მექანიზმები პრაქტიკაში ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ გამოიყენება (მაგ. დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება, ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა). ძალიან დაბალია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების შესახებ თავად ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა და მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ორგანული კანონით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მონაწილეობის მექანიზმების და პროცედურების რეალურად ამოქმედება და დანერგვა, ადგილობრივ დონეზე შესაბამისი პრაქტიკისა და ცოდნის გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საზოგადოებრივ-წარმომადგენლობითი ჯგუფების გააქტიურება.
კონკურსის მიზანი:
თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის კანონით დადგენილი მექანიზმების ამოქმედება და მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული პრეცედენტების შექმნა.
ფონდი დააფინანსებს რამოდენიმე ისეთ პროექტს:
რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაზე, რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის/პრობლემების მოგვარების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩართულობის ისეთი მექანიზმების გამოყენებაზე, როგორიცაა: საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება და/ან ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა; საზოგადოებრივი კომიტეტების შექმნა თუ საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზება; კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობის სხვა ქმედითი ფორმების დანერგვა.
სასურველია, პროექტი მოიცავდეს ისეთ კომპონენტებსაც, რომლებიც გარკვეულწილად გააუმჯობესებენ მონაწილეობის ფორმების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, გააქტიურებენ და საკითხის გადაწყვეტაში ჩართავენ საზოგადოებრივ-წარმომადგენლობით ჯგუფებს, აამაღლებენ მათ მოტივაციას მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება
კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია/საინიციატივო ჯგუფი:
კონკურსში გამარჯვებული თითოეული ორგანიზაცია თუ საინიციატივო ჯგუფი გაივლის 1 დღიან სემინარს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული პროექტის ეფექტიანობის ამაღლებაზე. სემინარი მოიცავს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კონსულტაციებს და რეკომენდაციებს, ასევე მოკლე ტრენინგს „მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება".
განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის პირობები და ვადები
Ø განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს სამ ეგზემპლიარად.
Ø პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53
Ø გარდა გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პროექტს უნდა დაერთოს მოკლე ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტის და იმ საკრებულოს შესახებ, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება;
Ø განსახილველი საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინოთ "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" 21 ივნისის 16:00 საათამდე. 21 ივნისის 16:00 საათის შემდეგ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განხილვას არ დაექვემდებარება.
დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალური საგრანტო თანხა: 18 000 აშშ დოლარი
დასაფინანსებელი პროექტების სავარაუდო რაოდენობა: კონკურსის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 6 საუკეთესო პროექტი
პროექტის დაწყების სავარაუდო/რეკომენდირებული თარიღია 2011 წლის 1 სექტემბერი და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება: 27 მაისს, ასევე 2, 9 და 16 ივნისს, 15:00 საათზე ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) # 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს 25 04 63, შიდა 230
საკონტაქტო პირი:
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის (ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულების) კოორდინატორი თინიკო ბოლქვაძე.
ელ. ფოსტა tiniko@osgf.ge